ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი დაკავებულია

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი ლაშა გოგია და გია გულორდავა დაკავებულები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსნები სუსმა ქრთამის აღების ფაქტზე დღეს დააკავა.
საქმე ეხება ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომლის ფარული ჩანაწერებიდაან ირკვევა, რომ ზუგდიდის მერიის უკვე ყოფილ მაღალჩინოსნებს გადაუხადა თანხა, რათა ბიზნესმენს ზუგდიდის ტერიტორიაზე კონკრეტული უძრავი ქონებების დაუფლებაში დახმარებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა ზურაბ კვირკვიამ ათი ათასი დოლარი ზუგდიდის მაშინდელ ვიცე-მერს გია გულორდავას გადაუხადა, რომელმაც თანამდებობა ზუგდიდის მერთან ერთად დატოვა, თუმცა გულორდავა ამ ბრალდებებს დღემდე კატეგორიულად გამორიცხავს.
ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ სუს-მა გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში“ გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობდა.
გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.
17:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფიგინგი გაიმართება, რომლის თემა სავარუდოდ ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის დაკავება იქნება.
შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის წარდგენისას განაცხადა:
“ერთმნიშვნელოვნად უნდა იცოდეთ, რომ ამ რეგიონის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებას არავინ აპირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას მოეთხოვება ერთნაირად და აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობის ზომა იქნება ერთნაირი. სამართლიანობა იქნება ძირითადი კრიტერიუმი და არავინ არ მოითმენს იმას, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა“ – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.




