“ყალბი კადრები დაამონტაჟეს”- ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსი დუმილს არღვევს

“უკვე რამოდენიმე დღეა ვაკვირდები ჩემი ჩხოროწყუელების და ქართველი ხალხის აქტიურობას და ამ მართლა ბინძური და ამაზრზენი კადრების გასვლის მერე გადავწყვიტე, რომ დამეტოვებინა ჩემი თანამდებობა”-ასე იწყებს ვრცელ პოსტს ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსი ჯუმბერ იზორია, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
“ვუსმენდი, ვუყურებდი და ბოლოს საჭიროდ ჩავთვალე ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს მივსცე ახსნა-განმარტება და ვუთხრა სიმართლე:
მქონდა ინფორმაცია, რომ დადიოდნენ ე.წ. ყოფილი კუდის და პოლიციის ყოფილი თანამშრომელი და ჰქონდათ დავალება მაკომპრომიტირებელი მასალები მოეპოვებიათ. ვინაიდან რეალურს ვერაფერს მიაკვლიეს განიზრახეს რაიმე შეეთითხნათ. ერთ-ერთმა მათგანმა კარგად იცოდა, რომ ადრეულ პერიოდში ჩემს მშობლებს ჰქონდათ პატარა ხის ჯიხური, სადაც კანონიერად დროგამოშვებით ყიდდენ პირველადი მოხმარების სურსათ სანოვაგეს.
დაახლოებით 1 წლის უკან როცა ჩემს ოდაბადეში მივედი სტუმრად, ვთხოვე ჩემს მოხუც მშობლებს, რომ ვინაიდან იყვნენ ღმა მოხუცებულობის ასაკში და თან ვალებიც ედებოდათ, ყველაფერ ამის გამო, თავი დაენებებიათ სურსათის გაყიდვისთვის და შევპირდი, რომ ყოველთვე იმაზე მეტს დავეხმარებოდი ფინანსურად რამდენსაც ადრე ვუგზავნიდი. მოხუცმა მშობლებმა მიიღეს ჩემი თხოვნა და მეორე მისვლაზე ჯიხური არ დამხვედრია და ის ჰქონდათ აღებული. რაც შეეხება ჩემი მშობლების სახლის წინ რამოდენიმე თვის წინ ყოფილი კუდის და პოლიციის ყოფილი თანამშრომლის მიერ ინსცენირებულ და დამონტაჟებულ კადრებს, აგიხსნით, რომ ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელი, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებ, ქალაქ ზუგდიდში შეხვდა კუდის ყოფილ მაღალჩინოსანს და შეიმუშავეს გეგმა, რომ ეყიდათ უაქციზო სიგარეტი და დაედგათ ეს სპექტაკლი.
ამ ბნელი გეგმის შესასრულებლად კი შეარჩიეს ისეთი დრო როცა მოხუცი მშობლები იმყოფებოდნენ მარტო და მშობლების სახლში მისულებმა შექმნეს ილუზია, რომ თითქოს უაქციზო სიგარეტი იყიდეს მათგან. იმ გადაღებებშიც ბევრი რამ შეეშალათ. პირველი ის, რომ ერთ-ერთი მათგანი იძახის მომეცი 2 სიგარეტიო და მანქანასთან მისული კადრში აჩვენებს მხოლოდ უაქციზო სიგარეტის ერთ კოლოფს, რომელიც მათ მიერ იქ სპეციალურად იყო მიტანილი და ფიზიკურად ხელზე გადაცემასაც ვერ დააფიქსირებდნენ, რადგანაც რეალურად ჩემი მშობლების სახლში არ იყიდებოდა არანაირი უაქციზო სიგარეტი.
აღნიშნული ყალბი კადრები დაამონტაჟეს თვითონ და შემდგომ მიაწოდეს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს, რომლებიც თვეების მანძილზე ინახავდნენ აღნიშნულ კადრებს. შენახვის მიზანი კი ბატონებო იყო აჟიოტაჟის წამოწყება და შავი პიარი. მე ვფიქრობ, რომ ამ სიუჟეტის შემქმნელ-დამმონტაჟებლებმა მოატყუეს “რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებიც კი, ვინაიდან როდესაც ჟურნალისტები ჩამოვიდნენ ფაქტის გადასამოწმებლად და გადაღების მიზნით, ფიქრობდნენ, რომ ასეთ ფაქტს მართლა ჰქონდა ადგილი.
ყოველივეს ვასკვნი გამომდინარე იქიდან, რომ სანამ ჟურნალისტები მივიდოდნენ მშობლების სახლში კომენტარისთვის, მანამდე სახლში ჩემს მშობლებს მიუგზავნეს მოქალაქე, რომელმაც იკითხა იყიდებოდა თუ არა სიგარეტი, რაზეც მათგან მიიღო უარი. მშობლებმა, მას უთხრეს, რომ არანაირი სიგარეტი არ იყიდებოდა. აღნიშნულის შემდგომ ვფიქრობ ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს თავად მისულიყვნენ მშობლების სახლში და ადგილზევე გაერკვიათ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი თუ არა.
სამწუხაროდ ჟურნალისტებმა აირჩიეს ფაქტის გარკვევის არასწორი მეთოდი და მაპროვოცირებელ ფონზე დაუწყეს მშობლებს დამონტაჟებული კადრების ჩვენება და მათ ეუბნებოდნენ, რომ ეს კადრები რამოდენიმე თვის წინ იყო გადაღებული ამ ოჯახში და რომ ეს ფაქტი დაედასტურებინათ. რათქმაუნდა ჟურნალისტებმა მიიღეს უარი და დაიწყეს დაჟინებული მოთხოვნა გინდათ თუ არა თქვით, რომ თქვენს ოჯახში უაქციზო სიგარეტი და ნავთობი იყიდებოდაო. ამასობაში შეგროვდნენ ნათესავებიც, რომლებსაც ასევე ჟურნალისტებმა უჩვენეს დამონტაჟებული კადრები.
ჩემი ნათესავები მიხვდნენ, რომ ეს კადრები იყო დამონტაჟებული და სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ჟურნალისტებს ეუბნებოდნენ 35 წლის ბიჭი მივაბარეთ მიწას და ჯერ ორმოციც არ არის გასული და სთხოვეს დაემთავრებინათ ეს უსაფუძვლო შანტაჟი და ხმაური ანდა ოჯახში შესულიყვნენ და გადაეღოთ ყველაფერი ან წასულიყვნენ სახლიდან. ამის პასუხად ჟურნალისტებმა თქვეს, რომ არ აინტერესებდათ თუ ვინ იყო გარდაცვლილი და არც გარდაცვლილის ასაკი და აინტერესებდათ იყო თუ არა ბატონ ლევან იზორია ჩემი ნათესავი და მოითხოვდნენ რომ ეს ეღიარებინათ, რასაც მოჰყვა სიტუაციის დაძაბვა, რაც თავის მხრივ გადაიზარდა კამათში, ხოლო რეპორტაჟი აღნიშნულ კამერის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტს სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.
ამის შემდგომ ვინაიდან ვერ მიიღეს ვერანაირი მტკიცებულება გაბრაზდნენ და ჩემს ნათესავებს დაემუქრნენ ამას არ გაპატიებთო, რის შემდეგაც იძულებულნი გახდნენ ჩაეწერათ ისეთი ადამიანები რომლებიც განაწყენებულნი იყვნენ ამ ხელისუფლებაზე და თან გაუშვეს ის კადრები, რომლებიც ყოფილი პოლიციელის და ყოფილი კუდის მაღალჩინოსნის მიერ იყო ინსცენირებული და დამონტაჟებული.
აქვე მინდა განვმარტო, რომ ყოფილი პოლიციელი და ყოფილი კუდის მაღალჩინოსანი არიან ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე არაერთხელ იყვნენ შემჩნეულები ადამიანებისთვის ნარკოტიკული საშუალებებისა და იარაღის ჩადებაში, ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებასა და გავრცელებაში და სხვა პროვოკაციულ და უკანონო ქმედებებში. რაც შეეხება გოგი სორდიას კომენტარს, რათქმაუნდა იგი გაბრაზებულია ჩხოროწყუზე და ჩხოროწყუელებზე, ვინაიდან უნდოდა რაიონის გამგებლობა, რაზეც მას ხალხმა უარი უთხრა, ვინაიდან ჩხოროწყუელებს კარგად ახსოვთ მისი წარსული, როცა იგი წინ მოუძღოდა სამეგრელოს ამაოხრებელ მხედრიონთა ლაშქარს, რის გამოც 25 წელი დატოვებული ჰქონდა ჩხოროწყუს რაიონი. რაც შეეხება კორნელი წურწუმიას, რომელმაც გაამართლა ყოფილი კუდის მაღალჩინოსნის და ყოფილი პოლიციელის მიერ დადგმული სცენარი და ამაზრზენი უწოდა ჩემს ოთხმოც წელს მიღწეული მგლოვიარე მშობლების ქმედებას, მაგის პასუხი საზოგადოებისთვის მიმინდვია. მე ვურჩევდი კარგად გაიაზროს თუ რა ქმედებებს სჩადის და თუ რა თამაში ითამაშა, შეგნებულად თუ შეუგნებლად და ვურჩევდი მინიმუმ მივიდეს ჩემს მგლოვიარე მშობლებთან და ბოდიში მაინც მოუხადოს მათ.
ანალოგიურად განაწყენებულია კორნელი წურწუმიაც, რომელიც დაჟინებით და უტიფრად მოითხოვდა მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის ბესიკ ესებუას მოხსნას და მის ადგილზე დანიშვნას. ხოლო რაც შეეხება ყოფილი პროკურორის მურთაზ ზოდელავას ბრალდებებს, რომელიც ეხებოდა ვითომ ჩემს უკანონო ბიზნესსაქმიანობას, რესტორნებს ქსელს და კაფე-ბარებს. ნებისმიერმა ჩხოროწყუელმა იცის, რომ ასეთი რამ ბუნებაშიც არ არსებობს და თუ რამ გააჩნიათ, ისიც ჩემს ნათესავებს აქვთ მცირე ბიზნესი, რასაც ათეულობით წლებია რაც უძღვებიან კანონის სრული დაცვით და მათ მიერ მოპოვებული თითოეული თეთრი არის მოპოვებული სუფთა საქმიანობით და არის დასაბუთებული.
აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი ძმებიდან ერთ-ერთი დაახლოებით 20-25 წლის უკან იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში, სადაც ჰქონდა წარმატებული ბიზნესი. ჩემი თხოვნით მან გაყიდა იქ რაც კი ქონება გააჩნდა და საქართველოში წამოიწყო ბიზნესსაქმიანობა. მე მინდა მურთაზ ზოდელავას შევახსენო 2011 წელი, როცა მის პროკურორობის პერიოდში ჩემს ნათესავებს იძულებით დაადებინეს კაბალური ხელშეკრულება 15 წლის ვადით და ჩამოართვეს ბენზინგასამართ სადგური, რომელსაც დღესაც ვერ იბრუნებენ და ასეთ ფონზე მე მდებენ ასე უტიფრად ბრალს სხვადასხვა ჩრდილოვან ბიზნესსაქმიანობაში. რაც შეეხება ბატონ ლევან იზორიას, რომელიც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ, სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ნათესაური კავშირი.
მე 32 წელი ვიმსახურე ძალოვნებში სხვადასხვა თანამდებობებზე და ბევრად უფრო მაღალ თანამდებობებზეც კი, მაგრამ არავის პატრონობა არასდროს არ დამჭირვებია. ვიყავი, ვარ და ვიქნები ჩემი ქვეყნის და ხალხის დაუღალავი მსახური, ხოლო თქვენ კი ბატონებო ვინც ამ ბინძურ თამაშში მიიღეთ მონაწილეობა ნებით თუ უნებლიეთ გადაკვეთეთ ყოველგვარი წითელი ხაზი, არაფრად ჩააგდეთ მგლოვიარე ღრმად მოხუცი ადამიანების შეურაცხყოფა. შეეხეთ ჩემს ღირსებას და ოჯახს. არც ის გაითვალისწინეთ, რომ ვიყავი ამდენი ომების აქტიური მონაწილე და რომ სიცოცხლეში არ მიცხოვრია არაკაცურად.
იქნებ გამცეთ პასუხი, როცა ავღანეთის ომში მძიმედ დაჭრილი ღმერთს ვევედრებოდი არ მოვმკდარიყავი ისე რომ არ მღირსებოდა საქართველოს ჰაერის ერთხელ ჩასუნთქვა, რის შემდეგაც სიამოვნებით მივებარებოდი უფალს, თქვენ სად ბრძანდებოდით მაშინ ბატონებო? იქნებ სადმე კურორტებზე ისვენებდით და განებივრებულნი იყავით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ თქვენ ისეთი თამაშის წესები წამოიწყეთ წინასაარჩევნოდ, რომელიც არცერთ მორალურ, ზნეობრივ, ადამიანურ და კაცურ ჩარჩოებში არ ჯდება.
მინდა შეგახსენოთ ტერორისტებიც კი არ კადრულობენ და ერიდებიან ისეთ ადგილს სადაც არიან მოხუცები, ბავშვები და უმწეო ხალხი. იქნებ პატარა შვილსაც და შვილიშვილებსაც დააკავოთ ხელში სიგარეტი ან ნარკოტიკული საშუალება და გადაუღოთ კადრები და ისიც გააშუქოთ. ბატონებო, მე ასეთი ცხოვრებით არასდროს არ მიცხოვრია და ვერასდროს წარმომედგინა თუ ქართველ კაცს შეეძლო მოეფიქრებინა და ეკადრებინა მსგავსი სისაძაგლე.
მე ჩემს თანამდებობრივ პოზიციას სწორედ რომ ქვეყნისთვის და ხალხისთვის საკეთილდღეოდ ვიყენებდი და არსადროს ბოროტად არ მისარგებლნია ამ თანამდებობით. უდიდესი მადლობა ბატონ მინისტრს, რომ გაითვალისწინა ჩემი თხოვნა ჩემი სამსახურიდან წასვლის შესახებ.
მე უდიდესი მადლობა მინდა მოვუხადო ჩემს ხელმძღვანელობას და ჩემს უდიდეს კოლექტივს, რომლებთანაც ერთად 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობდი, რომ საზოგადოებას თავი ეგრძნო მშვიდად და დაცულად, რისთვისაც ძალ-ღონეს არ ვიშურებდით. ჩემს კოლექტივთან ერთად მადლობა მინდა გადავუხადო მათ ოჯახის წევრებს, რომ მათ ესმოდათ ჩვენი და ჩვენი სამსახურის სპეციფიკის. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ჩხოროწყუს და ჩხოროწყუელებს, რომლებმაც ამდენი სიყვარული და სითბო გამოხატეს ჩემს მიმართ”,-წერს სოციალურ ქსელში გადამდგარი ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი ჯუმბერ იზორია.



