ალექსანდრე მოწერელიამ კერძო კომპანიებში ხელმძღვანელის პოზიცია დანიშვნიდან რამდენიმე დღეში დატოვა

“სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ “თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციისა“ და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელის პოზიცია დანიშვნიდან რამდენიმე დღეში დატოვა” -ასე ეხმაურებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ რეგიონული ლიდერის, მურთაზ ზოდელავას განცხადებას, რომელიც მან სამეგრელოს გუბერნატორთან დაკავშირებით გააკეთა.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში დატოვა “თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციისა“ და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელის პოზიცია. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაციები გუბერნატორის თანამდებობრივ შეუთავსებლობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება ალექსანდრე მოწერილიას ქონებრივ დეკლარაციას, კანონით განსაზღვრულ დროში გამოქვეყნდება”, – განმარტავენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.
ცნობისათვის, მურთაზ ზოდელავამ განცხადებაში აღნიშნა, რომ ალექსანდრე მოწერელია, რომელიც პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დანიშნა, თხილის სფეროში ბიზნესს ფლობს და დაკავებული თანამდებობა მის საქმიანობასთან შეუთავსებელია.




