წალენჯიხაში გზა გადაკეტეს – სოფელ კანთში სკოლის მშენებლობას ითხოვენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ კანთში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეობა სკოლის აშენებას ითხოვს. მათი განცხადებით, უკვე 7 წელია რაც სოფლის სკოლა დაიწვა და მას შემდეგ ჰპირდებიან, თუმცა ჯერ პროექტიც კი არ არსებობს და დაპირება დაპირებად რჩება. მათივე განცხადებით, სოფელში არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი და ამბულატორია. აღნიშნული პრობლემების არსებობის გამო სოფელი თანდათან იცლება.
აქციის მონაწილეებმა წალენჯიხა- ჩხოროწყუს დამაკავშირებელი საავტომობილო გზაც გადაკეტეს. ადგილობრივებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერმა აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და 2019 წელს სოფელს სკოლა ექნება.
საპროტესტო აქცია სოფელ კანთში დაიშალა, თუმცა ადგილობრივები შეკრებას უახლოეს დღეებში კვლავ აპირებენ. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.




