როგორი ფორმით გეგმავენ ჟურნალისტები გუბერნატორთან თანამშრომლობას?

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას შემოთავაზებაზე რეგიონში მოქმედი ჟურნალისტები თანხმდებიან, თუმცა მხოლოდ ერთი ფორმით. გუბერნატორმა თვეში ერთხელ გამართოს შეხვედრა ჟურნალისტებთან და განიხილონ ერთი თვის განმავლობაში რეგიონში შექმნილი მდგომარეობა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნატალია ბერულავა თვლის, რომ რეგიონის პირველი პირი ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე ჩააბაროს ანგარიში რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. შუამავალი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის სწორედ რომ ჟურნალისტები უნდა იყვნენ.
“ბატონმა ალექსანდრემ გუშინ დახურულ შეხვედრაზეც აღნიშნა, რომ თვეში ერთხელ გამართავდა ჩვენთან შეხვედრას და ერთად განვიხილავდით სწორედ იმ საკითხებს, რაც პრობლემატურია რეგიონში, ასევე აუცილებლად აღვნიშნავდით იმასაც, რაც უკვე გადაჭრილია. ჩვენ უნდა დავსვათ კითხვები და მათგან უნდა მივიღოთ შესაბამისი პასუხები.
სწორედ ამ ფორმატში აუცილებლად ვითანამშრომლებდი გუბერნატორთან, სხვა ფორმატი მე მართლა არ ვიცი. მასთან თვეში ერთხელ შეხვედრას ჩემს კოლეგებთან ერთად მართლაც მივესალმები და ეს ასეც უნდა იყოს”-აღნიშნა ნატალია ბერულავამ.
განსხვავებული პოზიცია აქვს ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს სამეგრელოს რეგიონში. პაპუნა შუშანიას აზრით, მისი ფუნქცია საზოგადოებაში არსებული პრობლემების იდენთიფიცირება და ხელისუფლებისთვის კრიტიკული კითხვების დასმაა.
“ჩემი მთავარი ფუნქციაა საზოგადოებაში არსებული პრობლემების იდენთიფიცირება, კითხვებისა და პრობლემური თემების მოძიება, ხელისუფლებამდე მიტანა, პასუხების მიღება. ამ პროცესში ყველაზე კრიტიკული კითხვებზე პასუხების ვალდებულება და არა კეთილი ნება, აქვს ხელისუფლებას.მე მხოლოდ ამდაგვარი თანამშრომლობა შემიძლია -პრობლემების დღის შუქზე გამოტანა”,-აცხადებს “იმედის” ჟურნალისტი პაპუნა შუშანია.
ცნობისათვის, გუშინ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა რეგიონში მოქმედ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს თანამშრომლობა შესთავაზა.
მისი განცხადებით მედია ხშირად კონტაქტობს ხალხთან და კარგად იციან ის პრობლემებიც, რაც ადგილზე არსებობს. მედიისგან განსხვავებით კი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მხოლოდ განხორციელებულ, ე.წ წარმატებულ პროექტებზე საუბრობენ და რეალურ, გვერდით პრობლემებს ცენტრს უმალავენ.
“მე გთავაზობთ თანამშრომლობას. მინდა ყველა იმ პრობლემის შესახებ ჩამაყენოთ საქმის კურსში, რაც ადგილზე არსებობს”-განუცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ჟურნალისტებს, რომლებიც ძირითადად რეგიონის მასშტაბით მუშაობენ.



![გულახდილი საუბარი გუბერნატორთან [დღის ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2018/11/გუბერნატორი-ხალხი.jpg)
