26 მაისი სენაკში საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა

26 მაისის აღსანიშნავად, სენაკში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოიფინა ოქროს ფონდში დაცული ხელოვნების უნიკალური ფერწერული ნამუშევრები, საქართველოსა და ევროპის თანამეგობრობის ამსახველი ისტორიული მასალები, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, დიდი მამულიშვილისა და საზოგადო მოღვაწის, მერაბ კოსტავას დაბადებიდან 83 წლისთავისადმი მიძღვნილი თემატური ფოტომასალა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამოიფინა სამხედრო ტექნიკა, ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანზე გაიმართა მინი ტურნირი კალათბურთში, ჟიული შარტავას სახელობის ცენტრალურ პარკში მოეწყო სხვადასხვა სივრცე – გასართობი და საბავშვო ატრაქციები; ყვავილების ფესტივალი, სპორტული აქტივობები,ასფალტზე და სახეზე ხატვა. ამფითეატრის სცენა სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების აღსაზრდელებს და ფოლკლორის ცენტრის მოსწავლეებს, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორია კი – მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლების მოცეკვავეებს დაეთმო.
მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, მესამე საჯარო სკოლის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მოსწავლეთა მონაწილეობით, გაიმართა თემატური ღონისძიება – ,,ეს დღე ჩვენია…“ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, 17 საათსა და 10 წუთზე, საქართველოს ჰიმნი შესრულდა. ქალაქის იპოდრომზე, საქართველოს სხვადასხვა საცხენოსნო კლუბების მონაწილეობით, გაიმართება საცხენოსნო შეჯიბრი ,,მარულა 2022“, რომელიც ჩატარდება არამატერიალური, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შესულ შემდეგ სახეობებში – ისინდი, ცხენბურთი და მარულა.
შეჯიბრის დასასრულს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, გამარჯვებულ ცხენოსნებს თასები, მედლები და სიგელები გადასცა. დამოუკიდებლობის დღისამდი მიძღვნილი ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდება და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ბენდის -„ლინდა და ¼“ მონაწილეობით გამართული დასკვნითი კონცერტით დასრულდა. 26 მაისის წლევანდელი კონცეფციაა #ევროპისკენ – საქართველოს განაცხადი ნათელი და მკაფიოა – დღეს, ჩვენ, ერთად ვთანხმდებით, რომ გვსურს დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში – ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებით და ჩვენი დამოუკიდებლობით.




