რეგიონში კენკროვანი კულტურების გაშენებას მთავრობა 100 %-ით დააფინანსებს

ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი – „კენკროვანი კულტურები“ დაემატა.
ახალი ქვეკომპონენტის ფარგლებში, საქართველოს ხუთ რეგიონში დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისთვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.
სამეგრელო-ზემო სვანეთში კენკროვანი კულტურების გაშენების პროგრამა განხორციელდება წალენჯიხის, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.
პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2015 წლის მარტში დაიწყო.
პროექტის მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რის შედეგადაც, მოხდება იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
წყარო: mtisambebi.ge




