ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ და მერის მოადგილემ, კონსტანტინე კაკავამ ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.
აღნიშნულ სასათბურე მეურნეობაში 9 ჰექტარზე გაშენებულ კიტრისა და პომიდვრის 2500-3000 ტონამდე მოსავალი მოდის, რომლის 90% უცხოეთში ექსპორტზე გადის, ბრენდით “გენაცვალე”.
“ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასათბურე მეურნეობას, “სტიმორ ასოსიატეს წარმომადგენლობა საქართველოში” ხელმძღვანელობს. ეს არის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც ოპერირებს ჩვენს რეგიონში. მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს მსგავს კომპანიებს, რომ გაიზარდოს დასაქმებული ადგილობრივების რიცხვი და ბიზნესმაც შეუფერხებლად აწარმოოს საქმიანობა”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ცნობისთვის, ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, არსებულ, სასათბურე მეურნეობაში 150 ადგილობრივია დასაქმებული. მათი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 600 ლარამდე აღწევს.