სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, კომპანია ,,გასკო +’’-ის მენეჯერი დიმიტრი პაჭკორია, შესაბამისი სამსახურებისა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თეატრალური მოედნის და ჭავჭავაძის ქუჩის მრავალბინიანი კორპუსების მოსახლეობას შეხვდნენ.
საინფორმაციო შეხვედრები, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაგრძელდება, კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობლებით გამოწვეული საფრთხის პრევენციის მიზნით, მოქალაქეთა ინფორმირებას და მათი უსაფრთხოებისთვის ზრუნვას ემსახურება.
მობინადრეებს განემარტათ, რომ ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით, გამათბობლების მონტაჟი უნდა მოახდინონ მხოლოდ სერთიფიცირებულმა, გამოცდილმა ხელოსნებმა, რომლებიც დაიცავენ უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებს,
გაზგამანაწილებელი კომპანიის სპეციალისტების მიერ, ქალაქის საცხოვრებელ ბინებსა და კერძო სახლებში იწყება გაზგაყვანილობის სისტემის შიდა ქსელის მასიური შემოწმება, რომ ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობა, საცხოვრებლებში გამათბობელი ქვაბების მონტაჟი, უსაფრთხოების სტანდარტებს შეესაბამებოდეს და მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საშიშროება არ შეექმნას.