საქალაქო სასამართლოში ზუგდიდის ყოფილი მერის, მისი მოადგილის, ასევე სერვისების მართვის სამსახურის უფროსისა და კიდევ ერთი პირის საქმის განხილვა გრძელდება. სასამართლომ თენგიზ ქობალიასა და ხუტა ბაღათურიას აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.
პროკურორი ბექა ეჟიშვილი განმარტავს, რომ ორმა ბრალდებულმა სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა და მათ ბრალი სრულად აღიარეს. გამოძიების ვერსიით, თენგიზ ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიას და ვიცემერის, გია გულორდავას მიერ ქრთამის აღების ფაქტი შეიტყო და ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა, ხოლო ხუტა ბაღათურიამ, იმისათვის, რომ არ ემხილა გია გულორდავა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, გამოძიებას განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
მოსამართლემ ბრალდებულები 5000 და 10000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი გასული წლის პირველ ნოემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. თენგიზ ქობალიას და ხუტა ბაღათურიას კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას და ცრუ ჩვენებას ედავება.