ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 11 აპრილს დაკავებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი მანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო. მოსამართლის მანუჩარ ცაცუას განმარტებით, სასამართლომ ის ოქმები უნდა გამოიკვლიოს, რომელთა განხილვაც ვერ მოესწრო.
სარეზოლუციო ნაწილი 19 აპრილს გამოცხადდება. ოქმის შემდგენი გამომძიებელი ნიკა ნინუა დაკავებულის ჯარიმებას ითხოვდა.
სხდომაზე მხარეებმა განიხილეს საქმეში არსებული ფოტო-ვიდეო და სხვა მასალები.
როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შემდგენელი ინსპექტორ-გამომძიებელი ნიკა ნინუა ამტკიცებდა, ჩხეტიამ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და შეურცხყოფა მიაყენა ზუგდიდის პოლიციის უფროსს და სამართალდამცავებს.
მოსამართლის კითხვაზე, სამკერდე კამერით ან ტელეფონით იღებდა თუ არა ფაქტს, ნინუამ უპასუხა, რომ ამის შესაძლებლობა არ მიეცა. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, ბრალდებულის ადვოკატი არ დაეთანხმა ოქმში ასახულ ბრალდებას. მირანდა გოგოხია ჩხეტიას მიერ გინების და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტების ამსახველ მტკიცებულებებს ითხოვდა.
სხდომას გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები, ლიდერები და დაკავებულის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.