ზუგდიდში სამი ე.წ. საზაფხულო ბაღი იფუნქციონირებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ივნისის ბოლო სამუშაო დღეს დასრულდება – ამის შესახებ ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში stv-ს
განგვიცხადეს. შესაბამისად, წელს, 30 ივნისს, საჯარო ბაღები მომდევნო სასწავლო წლამდე დაიხურება.
რაც შეეხება ე.წ. საზაფხულო ბაღებს, წელს, ქალაქის ტერიტორიაზე სამი მუნიციპალური: მე2, მე-6 და მე-13 საბავშვო ბაღები იფუნქციონირებს.
საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 25 ივნისიდან დაიწყება ვებგვერდზე – www.zugdidi.kids.ge
როგორც მართვის ცენტრში განგვიმარტეს, საზაფხულო ბაღი არის სოციალური პროექტი იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას. საზაფხულო ბაღი მოქმედებს ივლისის თვის განმავლობაში, ის არის სრულიად უფასო და ნებისმიერ მსურველს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ბავშვი საჯარო ბაღის აღსაზრდელი, შეუძლიათ ამ სერვისით სარგებლობა.
ახალი სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია კი პირველი აგვისტოდან დაიწყება. როგორც ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში განგვიცხადეს, უახლოეს დღეებში თარიღისა და წესების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 63 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 3780 აღსაზრდელი ირიცხება.




