მესტიაში გემო ფესტი მიმდინარეობს

მესტიაში, უკვე მეორედ, „გემო ფესტი“ იმართება. გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორდღიან კულინარიულ ფესტივალს ატარებს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეები.
,,გემო ფესტი უკვე ცნობილი გასტრონომიული ფესტივალია როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო მოგზაურისთვის. ამ სიტყვების დასტური აქ არსებული ვითარებაა. გემო ფესტი ხელს უწყობს ადგილობრივი მეწარმეებისაა ხელშეწყობას, მესტიის პოპულარიზაციასა და შესაბამისად ტურიზმის განვითარებას. მომავალ კვირას მესტია ასევე ტურიზმის ადმინიატრაციის ორგანიზებით ახალ მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს, ასევე ტარდება ერთკვირიანი ფრირაიდის მსოფლიო ტური. გელოდებით ყველას, თავისი უნიკალური ბუნებით, სასრიალო ტრასებით, სტუმართმასპინძლობით, გასტრონომიული შედევრებით მესტია ნამდვილად გამორჩეული კურორტია.” – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.
„გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ტრადიციული სვანური კერძები, რომელსაც ადგილობრივი მზარეულები ამზადებენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალის მოსამზადებელ პერიოდში, გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა „გემო ფესტში“ მონაწილეებს კერძების არჩევისას და მომზადებისას რეკომენდაციები გაუწიეს.
„მესტია „მასპინძლობს „გემო ფესტს“ რომელიც გასტრონომიული ფესტივალია ტურიზმის წახალისების მიზნით. როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურებმა უკვე შეიყვარეს „გემო ფესტი“, რომელიც უკვე ტრადიციულია და მეოთხედ იმართება. „გემო ფესტი“ სხვადასხვა რეგიონში ტარდება და გულისხმობს როგორც ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას ასევე ტურიზმის განვითარებას. ფესტივალზე ველოდებით ბევრ საერთაშორისო და შიდა მოგზაურს. „გემო ფესტზე“ წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო მედია, რომელიც საქართველოს როგორც გასტრო ტურისტული მიმართულების შესახებ დაწერს“,-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
„გემო ფესტის” მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების გაზრდა.




