წალენიხის ბიუჯეტში ცვლილებები არ დამტკიცდა [მხარეთა არგუმენტები]
![წალენიხის ბიუჯეტში ცვლილებები არ დამტკიცდა [მხარეთა არგუმენტები]](https://api.stv.ge/uploads/2024/01/არჩევნები-2021-2.png)
წალენჯიხის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხი ჩავარდა. მხარეები მომხდარს ერთმანეთს აბრალებენ. ჩვენ წარმოგიდგენთ წალენჯიხის საკრებულოში წარმოდგენილი პოლიტიკური სუბიუექტების პოზიციას და მათ არგუმენტებს.
აქ დაჭერით შეძლებთ ნახოთ წალენჯიხის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ვიდეო
წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ პოზიცია
2024 წლის 25 იანვარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ„ მხარი არ დაუჭირა წალენჯიხის მერიის მიერ წარმოდგენილ 2024 წლის ბიუჯეტის ცვლილებას, რადგანაც ვთვლით ,რომ ბიუჯეტის დაგეგმილია არასწორად და ჩვენი დასაბუთებული არგუმენტებიც გავაჟღერეთ..
ფაქტისთვის შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ბიუჯეტში 12-ჯერ შევიდა ცვლილება, მუხლიდან მუხლში გადატანას ბოლო არ უჩანდა, რათა აუთვისებელ თანხებს ბიუჯეტის შესრულების დაბალი პროცენტი არ ეჩვენებინა.
2024 წლის მერიის მიერ დაგეგმილი ბიუჯეტი იყო დეფიციტური და ასეთ ბიუჯეტზე ფრაქცია პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. რაც შეეხება ნაშთების ცვლილებას, ნაშთების უმრავლესობა, სადაც ა(ა)იპებზე თანხები მომართვის შესაბამისად გადანაწილდა ,აღმოჩნდა , რომ ყველა ეს ცვლილება(სასამართლოს გადაწყვეტილების გარდა) გათვალისწინებული იყო 2024 წლის დეფიციტურ ბიუჯეტში , რომელსაც „კოალიციამ“ მხარი დაუჭირა და მილოცვის საგანი გახდა, რადგან „კოალიციური შეთანხმება“ შედგა.
საინტერესო ის არის, რომ ა/წ 25 იანვრის სხდომაზე, მას შემდეგ,რაც მიხვდნენ, რომ „კოალიციური შეთანხმება„ საფრთხეში იყო(ხმები არ ჰყოფნიდათ,ვინაიდან ნაცმოძრაობის 2 წევრი სხდომას არ ესწრებოდა), დაიწყეს „ქართული ოცნების“ დამუნათება და მეტიც,- დღეს მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს ვრცელი პოსტი, სადაც ,თურმე, ჩვენი ბრალეულობაა ბიუჯეტის ცვლილების განხორციელებისთვის საჭირო ხმები კოალიციურ ერთობაში რომ ვერ დაითვალეს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ,რომ პროგრამული ბიუჯეტი დაგეგმვისთანავე შედეგზეა ორიენტირებული,რაც მიზნის მიღწევასა და პრობლემის გადაჭრას ემსახურება. ამიტომაც, პასუხისმგებელნი ხართ თავიდანვე ხალხის სასარგებლოდ დაგეგმოთ(და არა ურთიერთგარიგებითი დივიდენდებით ,-ვინ რომელ პროექტს ლობირებს). გამოავლინეთ ნაკლები მიკერძოება, შეხედეთ პრობლემებს მრავალმხრივად. განსხვავებული მოსაზრების არ შეგეშინდეთ, ამ უკანასკნელს ზიანი არ მოაქვს.
ფაქტი,რომ ბიუჯეტის ცვლილების შედეგად ვერ დაფინანსდა მნიშვნელოვანი სოციალური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებები მათი პასუხისმგებლობაა, ვისაც კოლექტიური შემოქმედების პროდუქტიდან „პოლიტიკური ნანადირევი“ ერგო საკრებულოში და კიდევ ელოდება.
და ბოლოს ,“ქართული ოცნების„ რეიტინგზე „მზრუნველობას“ მოეშვით და იზრუნეთ კოალიციური მმართველობის კრიზისზე, რომელიც ყველა საბიუჯეტო განხილვის დროს თვალსაჩინო ხდება „გამოიყენეთ“ ერთმანეთი და ემსახურეთ ხალხს. პასუხისმგებლობით მოეკიდეთ საქმეს. სასაცილოა სამაგალითო მოდელს უწოდებდეთ კოალიციურ მმართველობას და ჯოხი ოპოზიციაზე გადაგქონდეთ.
პ.ს. ერთიანობის მტკივნეულ რეფრენში აღმოვაჩინეთ საინტერესო და ნიშანდობლივი ფაქტი, რომ ნაცებისა და გახარიას პოსტები იდენტური შინაარსისაა. სანამ ერთი ან მეორე მხარე ჩამოყალიბდებით კოალიცია გაქვთ თუ არა თვითმმართველობებში, ფაქტია, რომ მესიჯ ბოქსიც კი ერთნაირი გაქვთ ნაცებსა და გახარიებს.
პარტია საქართველოსთვის პოზიცია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ოცნების და ნაცების თანამონაწილეობით 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხი ჩავარდა.
სხდომაზე მყოფმა ოცნების არცერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი ცვლილების პროექტს. ენმ – დან კი 2 დეპუტატი საერთოდ არ გამოცხადდა სხდომაზე.
ცვლილება ეხებოდა 470 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთის განაწილების და 745 ათასი ლარი გარდამავალი ვალდებულებების ბიუჯეტში ასახვის საკითხს.
აღნიშნული ცვლილების ჩაგდებით ერთის მხრივ მძიმე სიტუაციაში ჩააგდეს ყველა ის კონტრაქტორი, ვინც კეთილსინდისიერად შეასრულა და ასრულებს შარშან მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს, რადგან მერია მათ ვერ გადაუხდის თანხას და მეორეს მხრივ დაზარალდება თვითონ მუნიციპალიტეტიც, რადგან მერია ვერ შეძლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად შესრულებას.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სხდომაზე მყოფმა ნაცების ყველა დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცვლილების პროექტს, თუმცა თვითონაც კარგად იცოდნენ, რომ ეს არ იქნებოდა საკმარისი და უნდა ეზრუნათ დარჩენილი ორი დეპუტატიდან ერთის მაინც გამოცხადებაზე, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა ცვლილების დასამტკიცებლად.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად საზიანოა მოსახელობისთვის ნაც-ქოცური უპასუხისმგებლო პოლიტიკური ქცევები.
წალენჯიხის მერიის პოზიცია
25 იანვარს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა მერიის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის ცვლილებების პროექტს. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი ტექნიკური ხასიათის იყო, ხდებოდა მუნიციპალიტეტის ანგარიშებზე 2023 წლის ბოლოსთვის მუნიციპალიტეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების ასახვა, მათ შორის, გარდამავალი ვალდებულებების, თავისუფალი ნაშთისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერების ნაშთების ასახვა (ჯამში 2,565,686 ლარი).
სამწუხაროდ, პოლიტიკური ნომენკლატურის გამო, ქართულმა ოცნებამ თავისი უარგუმენტო გადაწყვეტილებით საფრთხე შეუქმნა წალენჯიხის მერიის გამართულ მუშაობას.
მერია ყოველთვის მზადაა წინასწარ, საკრებულოს საბოლოო სხდომამდე განიხილოს და შეაჯეროს ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის, თუმცა ქართული ოცნებისგან არანაირი პრეტენზია ან შენიშვნა არ ყოფილა წინასწარ წარმოდგენილი. ასევე აღსანიშნავია, რომ არც სხდომაზე გაჟღერებულა კონკრეტული არგუმენტები, რატომაც ბიუჯეტს არ დაუჭირეს მხარი.
ბიუჯეტის ცვლილების არმიღების შედეგად ვერ დაფინანსდება ისეთი მნიშნვნელოვანი სოციალური მიმართულებები, როგორიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის გათბობით (შეშით) უზრუნველყოფა, მოსახლეობისა და სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა, უკიდირესად გაჭირვებული ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფა, ღვაწლმოსილ პედაგოგებზე ფულადი დახმარების გაცემა.
აუცილებელ თანხებს ვერ მიიღებენ მერიის მმართველობის სფეროში მოქმედი ა(ა)იპ-ები, რომელთაც მრავალი მნიშნველოვანი ფუნქცია გააჩნიათ; კულტურის, განათლების, სპორტისა და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით;
საფრთხე ექმნება პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამას;
ვერ განხორციელდება ,,შენი იდეა წალენჯიხას“ პროგრამა;
პრობლემა ექმნება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას;
თანხის ანაზღაურების პრობლემა დგება უამრავი მეწარმისთვის, რომლებმაც მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელეს, ეს იქნება გზები, წყალმომარაგება, ასევე საახალწლო ღონისძიებები თუ სხვა;
შეუძლებელი ხდება ინერტული მასალების შეძენა, რომელიც ძირითადად შიდა გზების მოხრეშვა-მოშანდაგებისთბის გამოიყენებოდა;
პრობლემა ექმნება მუნიციპალიტეტის ელ.ენერგიის ხარჯის გასტუმრებას.
მივმართავთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრებს, რომ მსგავსი დესტრუქციული ქმედებები უარყოფითად აისახება როგორც წალენჯიხის მოსახლეობასა და მათთვის განკუთვნილ სიკეთეებზე, ასევე ქართული ოცნების პოლიტიკურ რეიტინგზე. ასევე გვინდა გავახსენოთ, რომ მოსახლეობის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა და მათ მიერ გამოცხადებული ნდობა მოიცავს მოსახლეობის სასიკეთო, და არა საზიანო ნაბიჯების გადადგმას.




