სენაკის მერი: ოპოზიციამ სენაკის საკრებულოში შეაფერხა პროექტებისა და პროგრამების განხორციელების პროცესი

სენაკის მერი საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და კომენტარს აკეთებს. მერი ოპოზიციური პარტიების მიერ მუნიციპალური სერვისებისა და პროგრამების შეფერების ფაქტს სენაკის მოსახლეობის საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს:
„მინდა გამოვეხმაურო საკრებულოს დღევანდელი არშემდგარი სხდომის ფაქტს.
სამწუხარო რეალობაა, რომ სხდომაზე, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები უნდა განხილულიყო, ფრაქციების – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ,,სენაკი საქართველოსთვის“ წევრებმა რეგისტრაცია არ გაიარეს, რითაც შეაფერხეს ისეთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების პროცესი, როგორიცაა, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, აუტისტური სპექტრის მოზარდებისთვის მნიშვნელოვანი კვლევის ჩატარების დაფინანსება, ჩვენი პატარა აღსაზრდელებისა და პედაგოგებისთვის გათბობის მასალის შესყიდვა, ,,ეგრისობის” სახალხო დღესასწაულის, საზოგადოებისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებულად პატივსაცემი ადამიანების – მასწავლებლის ეროვნული დღის აღნიშვნა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია, რადგან ჩვენი მოვალეობაა მოსახლეობაზე მორგებული საჭიროებების დროულად, ეფექტურად განხორციელება, მათი თანადგომა და არა ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე გათვლილი მუნიციპალური სერვისების შეფერხება.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან ხელოვნურად შექმნილი შეფერხება დროებითია. თითოეულ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ!“ – ნათქვამია სენაკის მერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე თემაზე:




