პრემიერ-მინისტრი შოვში, სტიქიის ეპიცენტრში

პირველ რიგში, მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო, მივუსამძიმრო ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც, საუბედუროდ, ამ დიდი ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალნენ. კიდევ ერთხელ, ვიზიარებ მათ მწუხარებას. ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია და მთელი ერი, რა თქმა უნდა, არის გაერთიანებული ამ დიდი ტრაგედიის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა, სადაც სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
„ახლა რაც შეეხება საქმეს. მე მოვისმინე ინფორმაცია ოპერატიულ შტაბში, რომელიც შექმნილია გუშინდელი დღიდან, რომ დაუყოვნებლივ იქნა გამოგზავნილი 400-ზე მეტი მაშველი და მათ დაიწყეს მუშაობა. 210 ჩვენი მოქალაქე იქნა გამოყვანილი ამ სტიქიის ზონიდან უვნებლად, 210-ვე მოქალაქე. მანამდეც, ღამე ჩვენს პოლიციას, ჩვენს სამაშველო სამსახურს ჰქონდა მაქსიმალური მობილიზება გაკეთებული ადგილზე. არც ერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაში რჩებოდა, არ იყო ყურადღების გარეშე დატოვებული და 210 მოქალაქე, უვნებელი, იქნა გამოყვანილი, და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს გმირ მაშველებს მადლობა გადავუხადო.




