სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრს ბადრი ქუთელია უხელმძღვანელებს

მიმდინარე კვირის პირველი სამუშაო დღე სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ა(ა)ი.პ. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში“ შეხვედრით დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერმა ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – ბადრი ქუთელია წარუდგინა.
წარდგენას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია და საკრებულოს წევრი, ლევან უჩანეიშვილი ესწრებოდნენ.
,,მოხარული ვარ, რომ მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრს ნოვატორი, განათლებული და გამოცდილი ახალგაზრდა უხელმძღვანელებს. ბადრის წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ ერთობლივად, მომავალი თაობის სასიკეთოდ, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“ – აღნიშნა წარდგენაზე ვახტანგ გადელიამ.
ბადრი ქუთელია სენაკში, 1989 წლის 10 აპრილს დაიბადა. 2010-2013 წლებში იყო ,,საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2012 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2014-16 წლებში – მაგისტრატურა, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით. 2015 წელს დააარსა ,,სამოქალაქო ჩართულობის და განათლების ცენტრი“, რომელსაც სათავეში ედგა. 2016 წლიდან დღემდე მუშაობდა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროს სპეციალისტად.




