ზუგდიდში “იმედის” ჟურნალისტს “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი თავს დაესხა

ზუგდიდის ცენტრში გამართულ მედიის წარმომადგენლების სოლიდარობის აქციაზე, ტელეკომპანია “იმედის” სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ჟურნალისტს თეონა კვარაცხელიას “ნაციონალური მოძრაობის” აქტრივისტი მაია კალანდია დაესხა თავს.
როგორც თვითმხილველები და თავად ჟურნალისტი ამბობს მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველია.
“ქალბატონი, რომელსაც ნორმალურად არც ვიცნობ, “ზონდერით” მომმართავდა აქციაზე, რაც ჩემთვის მართლა აუხსნელია. ვერ გავიგე უბრალოდ მან როდის გაიგო ან ნახა ჩემი ზონდერობა, თუმცა საზოგადოებაში მლანძღა და ამტკიცებდა, თითქოს 2012 წლამდე მე ვიყავი ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” აქტივისტი. არასოდეს არ ვყოფილვარ არც ერთი პარტიის აქტივისტი. 2012 წლამდეც და დღემდე ვიყავი და ვარ ჟურნალისტი და ვაშუქებ მიმდინარე მოვლენებს”-აცხადებს თეონა კვარაცხელია.
“იმედის” ჟურნალისტი “ნაციონალური მოძრაობის” თავდასხმისგან ისევ მისმა კოლეგებმა დაიცვეს. როგორც STV NEWS-ს თვითმხილველები უყვებიან, ჟურნალისტებმა არ მისცეს მაია კალანდიას იმის საშუალება, რომ პროვოკაციაზე წასულიყო. წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მიმდებარე ტერიტორია, სადაც სოლიდარობის აქცია მიმდინარეობდა, თავად “ნაციონალების” აქტივისტმა დატოვა.
ცნობისთვის, სამეგრელოში მოქმედმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. რეგიონში მოქმედი ჟურნალისტები ზუგდიდის ცენტრში შეიკრიბნენ და ძალოვან უწყებებს “ტელეკომპანია პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდეს.




