ჭყონდიდის ეპარქია მეუფე სტეფანეს მიერ მეუფე პეტრესთვის 2017 წლით დათარიღებულ წერილს ასაჯაროებს

ჭყონდიდის ეპარქია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე,მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ მეუფე პეტრესთვის, 2017 წელს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს. წერილში მიტროპოლიტი სტეფანე მეუფე პეტრეს საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს ახსენებს და პატრიარქთან მონანიებისკენ მოუწოდებს.
განცხადებების დიდი ნაწილი, პატრიარქის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს ეხება.
“რა არის ეს მეუფე პეტრე? ეს არის თქვენი სიმართლე? რა გაბედული ნაბიჯებისკენ უბიძგებთ სასულიერო პირებსა და მრევლს, კონკრეტულად როგორ აპირებთ საპატრიარქოში “ინტრიგნული და ქაოტური მმართველობის” საბოლოო დამარცხებას? ხედავთ რას ამბობთ? თქვენი სიტყვებიდან ჩანს, რომ თქვენ ადანაშაულებთ უწმინდესს, უპრინციპობაში, ფარისევლობაში, მატყუარობაში …. თქვენი ფანტაზია შორს წავიდა… ვიმეორებ თქვენი ფანტაზია უშვებს ამას… თქვენი სიმართლე სცდება მწიგნობრობისა და ფარისევლების სიმართლეს, – წერს მეუფე სტეფანე წერილში.
მეუფე სტეფანე მეუფე პეტრეს აფრთხილებს, რომ საფრთხე ემუქრება და აქვე განმარტავს, რომ ოღონდ არა ფიზიკური და ამქვეყნიური, არამედ სულიერი საფრთხე. ეპარქიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში ვკითხულობთ,რომ ამ წერილის გამოქვეყნება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე იმ უფსკრულის პირას აღმოჩნდა, რომელზეც 2017 წელს აფრთხილებდა მიტროპოლიტი სტეფანე.
“ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა უკან დახევისა და ეკლესიის წიაღში თავის შენარჩუნებისა, თუმცა ეს ყოველივე მიტროპოლიტ პეტრეზეა დამოკიდებული”,- განაცხადა მეუფე სტეფანემ. წერილს ვაქვეყნებთ ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს ლოცვა-კურთხევით.”
ცნობისთვის, ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე იმ პირებს, რომლებიც მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და “ამბოხში” მონაწილეობდნენ “ბოლო გაფრთხილებას” აძლევს და ამბობს, რომ ეპარქია მათ წინააღმდეგ ეკლესიურ მეთოდებს გამოიყენებს. მანამდე კი, 24 მარტს, მეუფე სტეფანესა და ბალდის მამათა მონასტრის წინამძღვარ მამა ათენოგენს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირების მიზეზი მეუფე სტეფანეს ბრალდებები გახდა, რომელმაც თქვა, რომ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, ეპისკოპისობის პერიოდში ყაზბეგის ხევში შვილი ეყოლა და ის გერმანიაშია. ამ ბრალდების საპასუხოდ,მარტვილის ეპარქიაში მსახურმა ოცამდე მამაომ 27 მარტს რეზიდენციის კანცელარიაში სპეციალური განცხადება შეიტანეს. ისინი სინოდსა და ცაგერ-ლენტეხის მიტროპოლიტ, მეუფე სტეფანეს მიმართავენ.
სასულიერო პირები ითხოვენ, რომ მიტროპოლიტმა სტეფანე კალიჯიშვილმა დაამტკიცოს მეუფე პეტრე (ცაავას) წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები,რომელიც მან მტკიცებით ფორმაში გააჟღერა.





