ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტს მერიის შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს

ჩხოროწყუში, მეორე სკოლაში მომხდარ ფაქტს მერიის შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს. ამის შესახებ ადგილობრივი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან კობა ჯიქიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს.
მათი თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას იმპიჩმენტი. სწორედ აღნიშნული მოთხოვნით ხვალიდან ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. შეგახსენებთ რომ ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს “დასუფთავების აქციის” ფარგლებში მერიის ყოფილმა თანამშრომელმა 25 იანვარს საპირფარეშო მოარეცხინა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება. მომხდარს იკვლევს სახალხო დამცველის აპარატიც. ჩხოროწყუს მერიის ტუალეტის დასუფთავებაში არასრულწლოვნების ჩართვის ფაქტს აღმაშფოთებელს უწოდა 1 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარის სიტყვებით, ხელსუფლებას ამ საკითხზე უმკაცრესი რეაგირება ექნება.



