პირი, რომელმაც თავდამსხმელი ზუგდიდში, ბანკის ფილიალთან მიიყვანა, იდენტიფიცირებულია

- „ეს პირი არის რიგითი მოქალაქე, რომელსაც, სავარაუდოდ, შემხებლობა არ ჰქონდა ამ თავდასხმასთან“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ და აღნიშნა, რომ ტარდებაა საგამოძიებო მოქმედებები.
„ვიცით, რომ ეს პიროვნება არის ჩაცმული სამხედრო ფორმაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს მონაცემები, რომ უცნობმა პირმა იგი მიიყვანა დასახელებულ ბანკამდე, ხოლო ამ მოქალაქესთან სამართალდამცველი ორგანოები აწარმოებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს. გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია წლების წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საჯარო სამსახურებში მუშაობდა.
ცნობისთვის: ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.




