„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გარდაცვლილად გამოცხადებული ქალი ცოცხალი აღმოჩნდა

- „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმისათან დაკავშირებით, თითქოსდა ზუგდიდის 36-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებული გარდაცვლილი პირია, სიცრუე აღმოჩნდა.
- ადამიანი, ვისზეც პარტია ამბობს, რომ გარდაცვლილია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობს და ის 83 წლის ნელი ჯაბუაა. მან გუშინ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართული ბრიფინგიდან შეიტყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „გარდაცვლილთა სიაშია“.
ნელი ჯაბუასა და მისი ოჯახის წევრებისთვის გაუგებარია, რისთვის დასჭირდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ სიცრუის გავრცელება. ჯაბუას ოჯახი პარტიის ქმედებას დანაშაულს უწოდებს და სამართლებრივი რეაგირების სურვილს გამოთქვამს.
ზუგდიდის 36-ე უბნის საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ პენსიონერი ქალი რეგისტრირებულია 36-ე უბანზე როგორც საერთო საარჩევნო, ისე გადასატანი ყუთის სიაში, რადგან ქალს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.
ცნობისთვის: გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ “ქართულ ოცნებას” გადასატანი ყუთების სიებში ჯანმრთელი ადამიანები ჰყავს დარეგისტრირებული და მათ შორის ერთი გარდაცვლილია.




