“ლელო” “ურჩ” მედიასაშუალებებს კარებს უკეტავს – ვინ ადგენს ჟურნალისტების “შავ სიას” ზუგდიდში?

- “ლელომ” სოციალური ქსელის მედია ჯგუფიდან ის ჟურნალისტები წაშალა, რომლებმაც მათლიდერს, მამუკა ხაზარაძეს “აწყენინეს”. კონკრეტულად საუბარია სამ მედიასაშუალებაზე, kvira.ge, POSTV და STV.GE.
“ლელოს” ზუგდიდის ოფისის პიარ სამსახურის ხელმძღვანელი ნატა ნადარაია ირწმუნება, რომ მან ჯგუფიდან ის ჟურნალისტები წაშალა, რომლებზეც პარტიიდან მიიღო შესაბამისი მითითება. პირად საუბრებში ნადარაია ამბობს, რომ ეს არ მომხდარა მისი პირადი პოზიციით.
“ეს ჩემი პირადი პოზიცია არ არის. სამსახურში სადაც ვარ, ვასრულებ დავალებას” – ამბობს ნატა ნადარაია.
ნადარაიასგან განსხვავებით, მოგვიანებით გაუგებრობას ეძახის მომხდარს პარტიის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი და ამავე დროს ზუგდიდის მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე ახვლედიანი. ამის შესახებ ის საჯაროდ წერს.
“ეს არ ყოფილა პარტიული დავალება და არც პარტიული პოზიცია , მე და ჩემს გუნდ არაფერი გვაქვს დასამალი, ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი კითხვისა და რეაქციებისთვის. ჟურნალისტების საქმეში უხეში ჩარევა არ არის ჩემი და ჩემი გუნდის სტილი, ამიტომ გიფიქსირებთ ჩემს პატივისცემას და ნატა , გთხოვ სასწრაფოდ დაამატო ეს ადამიანები ჯგუფში”-წერს ახვლედიანი სოციალურ ქსელში.
კონკრეტული მედიასაშუალების ჟურნალისტების ჯგუფიდან წაშლის შემდეგ აღნიშნული მედია ჯგუფი პროტესტის ნიშნად სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმაც დატოვეს.





