ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელი რომელმაც იარაღიდან გაისროლა უდანაშაულოდ ცნო

- ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, პოლიციელი, რომელმაც სამსახურებრივი იარაღიდან გაისროლა და რასაც ერთი ადამიანის გარდაცვალება მოყვა, წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
მან სრულად გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა. საქმე ეხება 2018 წლის 23 ივლისს ფოთში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც გამოძიების ინფორმაციით, ჩასარიცხ აპარატს ერთი პირი ქურდავდა, როდესაც სამართალდამცველები ადგილზე მივიდნენ.
უწყების ვერსიით, პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და თავში ბლაგვი საგნით ჭრილობა მიაყენა. როგორც განცხადებაში წერია, პოლიციელმა აღნიშნული პირი თავდასხმის მოგერიების მიზნით დაჭრა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმეზე ორი გამოძიება მიმდინარეობს.
პირველი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, ხოლო მეორეს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით აწარმოებს.




