მეხანძრე-მაშველებმა ფოთში ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვეს

- სამდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგოს ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაკარგულ გოგოს მდინარე რიონში 24-საათიან რეჟიმში ეძებდა.
ადგილზე მობილიზებული იყო 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა. საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართული იყო სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში 4 აგვისტოს, ღამით შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა ყველა შესაბამისი სამსახური და დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები.]
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




