რუხის კლინიკა სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 26 ტესტი ჩატარდა. მათგან 25 პასუხი უარყოფითია. დღეს გატესტილ პირებს შორის 12 რუხის კლინიკის პაციენტი იყო. მათგან ოთხი იყო კოვიდინფიცირებული ე.წ ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან. მათ განმეორებითი შუალედური ტესტირება ჩაუტარდათ. მათგან ერთი პირს კვლავ დაუფიქსირდა ვირუსი, სამი კი, გამოჯანმრთელდა.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, სამივე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა რუხის კლინიკა უკვე დატოვა. თუმცა, როგორც ის ამბობს, სამივე პაციენტმა ორკვირიანი თვითიზოლაცია უნდა დაიცვას და სპეციალური გაიდლაინებით გააგრძელოს მკურნალობა.
სამივე გამოჯანმრთელებული პაციენტი 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერიდანაა და სამივე არასრულწლოვანია.
ამ დროისთვის რუხის საავადმყოფოში ორი პაციენტი რჩება კორონავირუსით. მათ შორის ერთი იმავე კლასტერიდანაა, რომელსაც დღეს გამოჯანმრთელებულები განეკუთვნებიან. მეორე ინფიცირებული კი, 70 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელსაც საზღვრის კვეთის ისტორია აქვს.




