ზუგდიდში 34 გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდება

ზუგდიდში 34 გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდება, წლის ბოლომდე კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 60-მდე გზა რეაბილიტირდება-ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ განაცხადა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ზ.გამსახურდიას, ხელაიასა და ჯანაშიას ქუჩებზე და ალერტკარის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც გზების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
ზ. გამსახურდიას ქუჩაზე რეაბილიტირდება 1500 მეტრი გზა. გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე არხები. იგება ასფალტის საფარი. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 1 330 000 ლარია. გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ხელაისა და ჯანაშიას ქუჩებზე. ჯამში რეაბილიტირდება 2 კილომეტრამდე გზა.
პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 1 943 000 ლარით აფინანსებს. მერი ალერტკარში მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო, სადაც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 550 მეტრი სიგრძის გზის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება 315 777 ლარია. ალერტკარის გარდა საავტომობილო გზები 10 ადმინისტრაციულ ერთეულში ეწყობა.



