არარსებული უნივერსიტეტის და გაყალბებული დიპლომის მფლობელი თვითმარქვია ექიმია – რას წარმოადგენს ლანა ლაცუზბაიას დიპლომი?!

გალის ტერიტორიაზე მოქმედი თვითმარქვია ექიმი ლანა ლაცუზბაია ყალბი დიპლომის მფლობელია. როგორც STV NEWS-მა გაარკვია, ლანა ლაცუზბაიას აქვს სკანდალურად ცნობილი წმინდა ნიკოლოზის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის გაყალბებული დიპლომი.
მოდით დავიწყოთ შორიდან.
ე.წ საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ სკანდალური ისტორიებით ცნობილი დავით ჩიტაია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ყალბი დიპლომების გაცემის ბრალდებით იყო დაკავებული.
დავით ჩიტაია 1961 წელს სოხუმში დაიბადა და პროფესიით ისტორიკოსია. წლების მანძილზე მუშაობდა სოხუმისა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებში დოცენტის თანამდებობაზე. ასევე, თსუ-ს ქვემო ქართლის ფილიალში საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ.
2008 წელს დავით ჩიტაიამ დავით გურამიშვილის სახელობის ქართულ-უკრაინული საერთაშორისო უნივერსიტეტი “იბერია” დაარსა . როგორც ის აღნიშნავდა, უნივერსიტეტს ხელშეკრულება უკრაინაში მოქმედ აკრედიტებულ სახელმწიფო უნივერსიტეტთან, კერძოდ პეტრე მოგილის სახელობის ნიკოლაევის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტთან ჰქონდა გაფორმებული. თუმცა უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ვერ გაიარა. ათეულობით სტუდენტს კი, ვისაც სწავლის საფასური გადახდილი ჰქონდათ თანხა დაეკარგათ და არც გავლილი სემესტრი ჩაეთვალათ მობილობაში.
2009 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები “იბერიაში” შევიდნენ, დოკუმენტაცია ამოიღეს და უნივერსიტეტი დალუქეს. დავით ჩიტაიას ინფორმაციით, ის 2009–2012 წლებში სამი თვის განმავლობაში სულ 3–ჯერ დააკავეს და თაღლითობის მუხლით ბრალი 4–ჯერ წაუყენეს.
სწორედ დავით ჩიტაიამ ამის შემდეგ დააფუძნა წმინდა ნიკოლოზის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი რაც ასევე სკანდალურად დაილუქა. მთავარი ბრალდება კი ყალბი დიპლომების დამზადება და გაყიდვა გახლდათ.
სწორედ ამ სკანდალურად ცნობილი ე.წ უნივერსიტეტის დიპლომს ფლობს გალის ტერიტორიაზე მოღვაწე თვითმარქვია ექიმი ლანა ლაცუზბაია. თუმცა აქ კიდევ ერთი კითხვა ჩნდება. როგორ მოახერხა ლანა ლაცუზბაიამ უკვე დახურული და არარსებული უნივერსიტეტის დიპლომის აღება 2013 წელს (ცნობისთვის, უნივერსიტეტი 2012 წელს დაიხურა და მისი დამფუძნებელი დავით ჩიტაია ციხეში ჩასვეს. მეორე თანადამფუძნებელიმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა).
ცნობისთვის, ლანა ლაცუზბაიას დიპლომში მითითებულია არარსებული “მედიცინის” ფაკულტეტი. დიპლომზე კი მითითებულია, რომ ის არის “დიპლომირებული სტომატოლოგის დიპლომი”, რაც მედიცინის დარგის სპეციალისტებში გაკვირვებას იწვევს.
თვითმარქვია ექიმს, ლანა ლაცუზბაიას გარდა იმისა, რომ არ აქვს საექიმო საქმიანობის ნებართვა, არ ჰყავს ჯგუფელები, კურსელები და ვერ იხსენებს ამ სახელის და გვარის სტუდენტს ვერცერთი ლექტორი. ლანა ლაცუზბაია მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, დალილა ხორავას კარგი ნაცნობია.
როგორც ხორავა ამბობს, ლანა ლაცუზბაია ერთი წლის წინ გაიცნო, თუმცა ფაქტები სულ სხცვა რამეზე მეტყველებენ. დალილა ხორავამ თვითმარქვია ექიმი გაცილებით ადრე გაიცნო და ხელიც შეუწყო მას გალის ტერიტორიაზე თვითნებური საექიმო საქმიანობა ეწარმოებინა.
მსგავსი სიახლეები

გახარია – დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს
გარევაჭრობა ზუგდიდში – რას ფიქრობს ხალხი, არასამთავრობოები და რას აპირებს ხელისუფლება?! [ვიდეო]


