ფოთის საფეხბურთო სკოლის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყო ორი ხელოვნურსაფარიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი, დამონტაჟდა განათების სისტემა, მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ყველა იმ საჭიროებით, რომელიც ტექნიკური ცენტრის გამართულად მუშაობისთვისაა აუცილებელი, მათ შორის სპორტსმენთა და მსაჯთა გასახდელები, მწვრთნელების ოთახი და სამედიცინო სივრცე.
უახლოეს მომავალში დაიწყება 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის მშენებლობა. ფოთის საფეხბურთო სკოლა შშმ პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული.
სამეგრელოს ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სკოლის მშენებლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და “უეფას” თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ივლისში დაიწყო და დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.




