ზუგდიდის საკრებულოს წევრს, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ბრალი ოფიციალურად გააცნეს

ზუგდიდის საკრებულოს წევრს, ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარეს ბათლომე შელიას ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ბრალი ოფიციალურად გააცნეს.ბრალდება მას ძალადობას ედავება. საქმე ეხება მასსა და სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას შორის მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც, აქტივისტის მტკიცებით, დეპუტატმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც შელიამ განაცხადა, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, მათ შორის გამოძიების მიკერძოების კუთხითაც, რადგან სამართალდამცველებს რეალურად არ აინტერესებთ რა და რატომ მოხდა სინამდვილეში. სწორედ ამიტომ, მარტო მის ნაწილს იძიებენ და სურთ ის მოძალადედ გამოიყვანონ. ამ დროს კი, როსტომ ზარანდია ხელშეუხებელი რჩება.
მისივე თქმით, სწორედ ზარანდიასთვის უნდა წარედგინათ ბრალი, როგორც ნამდვილ მოძალადეს, რადგან ახალგაზრდებს ჯერ დაემუქრა, შემდეგ კი ქუჩაში დასდევდა. დეპუტატი ირწმუნება, რომ რეალურად ეს შეკერილი საქმეა პოლიტიკური სარჩულით. შსს ინფორმაციით, გამოძიება 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.



