სენაკის შემდეგ, აგრარული ბაზარი ხვალიდან ზუგდიდშიც დაიხურება

სენაკის შემდეგ, აგრარული ბაზარი იხურება ზუგდიდშიც. როგორც შპს „სუპერმარკეტის“ დირექტორის მოადგილემ, ნონა ნიჟარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, უკვე მიიღეს გაფრთხილება, რომ ხვალიდან, 6 აპრილიდან ბაზარი დაიკეტება.
მისი თქმით, შპს „სუპერმარკეტში“ 80-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. ნონა ნიჟარაძე ამბობს, რომ ადამიანები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგანაც უმეტესობამ სააღდგომოდ პროდუქტები შემოიტანა და ახლა არ იციან, რა უყონ ამ პროდუქტებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ბაზრის დახურვის ფაქტი დაადასტურეს.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა გულუას პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აკრძალა. მოხდა კონსტრუქციების დემონტაჟიც.




