ამირან გამყრელიძე: ფიზიკური დისტანცირების ღონისძიებები გამკაცრდეს, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შესთავაზე, რომ ფიზიკური დისტანცირების ღონისძიებები გამკაცრდეს, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში.
როგორც გამყრელიძე ამბობს, აღნიშნული ღონისძიება საკვებ ობიექტებსა და აფთიაქებს არ უნდა შეეხოს.
დღეს, 19 მარტს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის ხელისუფლება შეზღუდვებს კიდევ უფრო ამკაცრებს, თუმცა საგანგებო მდგომარეობას ჯერ არ აცხადებს.
“თითოეულ სამინისტროს საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით და თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლოა, ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში”, — თქვა პრემიერი პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ოფიციალურად, კარანტინის რეჟიმში რჩება 1 344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პირია მოთავსებული. დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.




