სოფელ პირველ მაისში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირს, რომელსაც გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო.
მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორ დიმიტრი ხვიტიას შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. თავად ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა.
შსს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, 1 თებერვალს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებული ს.ყ. მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც, მიმალვის მიზნით, ახლომდებარე სახლში შევიდა და იქ მცხოვრებ, 1943 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა. ორივე პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ს.ყ. მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.




