გიტარისტმა თემურ ყვითელაშვილმა ახალგაზრდებისთვის საახალწო სოლო კონცერტი გამართა

17 დეკემბერს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მთავრობის მინისტრის აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის ავთანდილ ხაზალიას ინიციატივითა და ორგანიზებით, მსოფლიოში აღიარებული ვირტუოზი გიტარისტის, გინესის რეკორდსმენის, თემურ ყვითელაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.
საღამოს სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. კონცერტი თემურ ყვითელაშვილმა საქართველოს ჰიმნის მუსიკალური შესრულებით გახსნა.
დამსწრე საზოგადოებას საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა,
პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ და ამავე ფაკულტეტის პროფესორმა ავთანდილ ხაზალიამ მიმართეს
და თემურ ყვითელაშვილს მადლობა გადაუხადეს.
მათი განცხადებით, თემური არა მხოლოდ ხელოვნებას არამედ ორი ერის-ქართველებისა
და ებრაელების მეგობრობას ემსახურება.
,,ნოსტალგია, არგო, ყვავილების ქვეყანა, თბილისო, ჯან აია, ჰავ ნაგილა, კომპოზიტორ
გოგი ცაბაძის, გია ყანჩელის სიმღერების პოპური…- ეს ის მელოდიათა მცირე ჩამონათვალია,
რაც თემურ ყვითელაშვილმა თავისი ალბომებიდან
აუდიტორიას შესთავაზა. ეს იყო საახალწლო საჩუქარი ახალგაზრდებისთვის ხელოვნებაზე, ადამიანურ ურთიერთობებზე,
ხალხთა შორის სიყვარულსა და სამშობლოზე.’’-განაცხადა საღამოს ორგანიზატორმა, პროფესორმა ავთანდილ ხაზალიამ.
თემურ ყვითელაშვილი არის არაერთი მსოფლიო თუ
ეროვნული ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, მათ შორის მიღებული აქვს ჰოლივუდის გიტარისტთა კონკურსის, წლის საუკეთესო
გიტარისტის წოდება. არის ქ.თბილისის და ქ.ახალციხის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის
კავალერი.







