კახა მიქაია ბიძინა ივანიშვილს ზუგდიდში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით მიმართვას

,,დაიცავი საქართველოს” ყოფილი ლიდერი კახა მიქაია საინიციატივო ჯგუფთან ერთად ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ზუგდიდში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით მიმართვას. Stv.ge მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
,,ბატონ ბიძინა ივანიშვილს! თანამედროვე მსოფლიოს ცივილიზებულ საერთო სახლში დასამკვიდრებლად, რისკენაც ასე ისწრაფვის ჩვენი ქვეყანა, სწორედ ქართული კულტურა წარმოადგენს ერთადერთ სავიზიტო ბარათს ამ კულტურის შემქმნელი, შემნახავი და დღევანდლამდე მომტანი ქართველი ერის იდენტობის თამამად წარსადგენად. ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი ეროვნული საგანძურია ქართულ-ევროპული არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების ისტორიული ნაწილი ზუგდიდში. უწინარეს ყოვლისა, აღსაღდგენია ზუგდიდის ამ ისტორიული ნაწილის, კერძოდ, დადიანთა სამთავრო (სამეფო) რეზიდენციის არქიტექტურული ანსამბლის სხვადასხვა დროს გაჩანაგებული, დანაწევრებული და პირწმინდად წაშლილი თავდაპირველი სახე, რომელსაც თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად უნდა დაუბრუნდეს ძველი იერი.
ზუგდიდის დადიანთა სასახლე-პარკის კომპლექსური ძეგლი და მისი ქონება ერის საკუთრება და სახელმწიფოს სიამაყეა. უდიდესი ეროვნული ღირებულების მქონე ხუროთმოძღვრული ეს უნიკალური კომპლექსი უნდა იყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არა განკარგვის, არამედ დაცვისა და მოვლა-პატრონობის ობიექტი. ის უფრო მაღალი სახელმწიფო პასუხისმგებლობით საზრუნავი ფასეულობაა. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი წარმოგიდგენთ ზუგდიდის ისტორიული ნაწილის სარეაბილიტაციო ჩვენეული იდეის მომზადებულ ვიდეო – სიუჟეტურ კომპოზიციას, რომელსაც არა აქვს რაიმეს მტკიცების ან დაჟინებით მოთხოვნის პრეტენზია.
იგი წარმოადგენს არა ერთი ცნობილი მკვლევარ-მეცნიერის, მამულიშვილის, საზოგადო თუ სახელმწიფო მოღვაწის ნაფიქრი, ნაკვლევი, ნაშრომი და ნაოცნებარი შეხედულებების და მოსაზრებების შესატყვისად კონსტრუირებულ და ჩვენ მიერ მომზადებულ მასალას იდეის პრაქტიკული განხორციელებისთვის, რომლის უმთავრესი მიზანია ამ ტერიტორიული სივრცის მუზეუმ-ნაკრძალად გამოცხადება. ვფიქრობთ, დამდგარია ამ საშვილიშვილო საქმის ხორცშესხმის დაწყების დროც და შესაძლებლობაც დღევანდელ საქართველოში, სადაც თქვენი საქველმოქმედო მხარდაჭერით ბევრი სასიკეთო და ღირებული საქმე კეთდება. მით უფრო, რომ ფონდი ,,ქართუს” დაფინანსებით უკვე მიმდინარეობს დადიანთა ერთერთი სასახლის რესტავრაცია.
გთხოვთ, თქვენს მხარდაჭერას პრობლემის გადასაჭრელი გზების მოსაძიებლად. ჩვენი მხრიდან კი, მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებული მასალებითა და დოკუმენტებით აქტიური თანამშრომლობისათვის ამ პროექტის მაღალპროფესიულ დონეზე განსახორციელებლად. საინიციატივო ჯგუფის სახელით: 1.კახა მიქაია 2.კოკი დადიანი 3.დავით დადიანი 4.მერაბ რაფავა 5.მანანა სოტკილავა 6.ქეთევან აბაშიძე 7.მაია მანია 2019 წელი,30 ოქტომბერი. ზუგდიდი – თბილისი,”- აღნიშნულია მიმართვაში.




