ანაკლიას 4 ოქტომბერს ამერიკელი სტუმრები ეწვევიან

4 ოქტომბერს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გამგეობის თავმჯდომარე მაიკლ კაუგელი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი, USAID „ზრდა“ პროექტის ხელმძღვანელი ბრაიან კინგი და ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ირაკლი უჯმაჯურიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეწვევიან და ანაკლიის სასწავლო ცენტრში საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებსა და სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატებს გადასცემენ.
ვიზიტის ფარგლებში, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და USAID „ზრდა“ პროექტის წარმომადგენლები ასევე მოინახულებენ საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარს, დაათვალიერებენ გრანტის შედეგად შეძენილ ინვენტარებს და ადგილზე გაეცნობიან წარმოების პროცესს.
პროექტის ხელმძღვანელები ასევე დაათვალიერებენ ანაკლიაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კერძოდ ქუჩების ახალ ნუმერაციას და საოჯახო ტიპის სასტუმროების სარეკლამო ამბრებს, რომელიც ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში მათ უსასყიდლოდ გადაეცათ.
ანაკლიის სასწავლო ცენტრში, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის დაფინანსებით საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ მიერ სხვადასხვა საგანში 176 სტუდენტი გადამზადდა (ინგლისური ენა, კომპიუტერული პროგრამები, სასტუმროს დასუფთავების სამსახურის სპეციალობა, სასტუმროში სტუმრების მიღება-განთავსების სპეციალობა, მეწარმეობა და ბიზნეს ადმინისტრირება). 4 ოქტომბერს სწავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი სასწავლო ცენტრის 42 კურსდამთავრებული მიიღებს.
ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა (ADC) და USAID-ს „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ამოცანაა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.
ანაკლიის სასწავლო ცენტრი, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ნაწილია, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ანაკლიის პორტის) და USAID “ზრდა” პროგრამის ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა. სასწავლო კურსები საქართველოს მოქალაქეებისთვის უსასყიდლოა, პროგრამის ბოლოს კი მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
მსგავსი სიახლეები

თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმრთება

ჯანდაცვის სამინისტრო – 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს აქციის ექვსი მონაწილე და 21 სამართალდამცველი


