10 წლის შემდეგ სენაკის მესამე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგა

წლების შემდეგ პირველად, მესამე საჯარო სკოლის მეორე კორპუსში სკოლის ზარი დაირეკა. 10 წლის შემდეგ სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. მოსახლეობისთვის განსაკუთრებით საჭირო პროექტი – სკოლის რეაბილიტაცია, დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით განხორციელდა.
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან თოლორდავამ, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილმა, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა თამარ სალაყაიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დარეჯან ზარანდიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სკოლის დირექციის წარმომადგენლებთან ერთად, საზეიმოდ გახსნეს მესამე საჯარო სკოლის ახლადრეაბილიტირებული მეორე კორპუსი.
განახლებული კორპუსის გახნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა ხელოვნების, მოსწავლე-ახლგაზრდობისა და კულტურის ცენტრების აღსაზრდელებმა მიიღეს.
ამ ეტაპზე, სკოლაში სრულად პირველი, მესამე, მეხუთე და მეექვსე კლასებია დაკომპლექტებული. რეაბილიტირდა სკოლის ის ფლიგელი, სადაც ამჟამად სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. კეთილმოეწყო და სათანადო ინვენტარით აღიჭურვა საკლასო ოთახები და სველი წერტილები.
სამომავლოდ, სკოლის რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდება. დაგეგმილია სპორტული დარბაზის, მოედნისა და სკვერის მოწყობა.




