გიორგი გახარია ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ზუგდიდში იმყოფება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები დაიგეგმა.
ამ წუთებში ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ხატის საკათედრო ტაძარში პანაშვიდს აღავლენს მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი გერასიმე.
ზუგდიდის მშენებარე ტაძარში პანაშვიდს საქართველოს შიონაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია ესწრება.
ცნობისათვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტი დღეს 80 წლის გახდებოდა. ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს, თბილისში დაიბადა. ის იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
1990 წლის 14 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია თავმჯდომარედ აირჩია. ამავე სესიაზე ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ უწოდეს და აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ატრიბუტიკა. 1991 წლის 31 მარტს კი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის საფუძველზე, იმავე წლის 9 აპრილს
ზვიად გამსახურდიამ და უზენაესმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
პრეზიდენტად გამსახურდია 1991 წლის გაზაფხულზე აირჩიეს, თუმცა მალევე, 1992 წლის დასაწყისში სამხედრო გადატრიელების შედეგად ქვეყნიდან განდევნეს.
პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში, ამ დრომდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა.


![ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2019/03/55869429_1988921668069698_7494000014851571712_n.jpg)

