ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება

ზუგდიდში, ნიკოლაძის ქ. N 3-ში, 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდი მხოლოდ მიმდინარე წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 60-მდე ახალი ბაღის მშენებლობას დაიწყებს, რომლის განსახორციელებლად მთავრობა 60 მილიონ ლარამდე ინვესტიციას გამოყოფს.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, მცირე ზომის საბავშვო ბაღებს, სადაც ბავშვთა რაოდენობა არ იქნება 50-ზე მეტი, თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოფა, დიდ ბაღებთან მიმართებაში კი მთავრობა ევროპის საინვესტიციო ბანკის სახსრებით ისარგებლებს.
“ბაღების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სკოლამდელი განათლება ჩვენი განათლების რეფორმის ნაწილია. მე ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს ჩვენს მოსახლეობასთან ყველა რეგიონში და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ისინი სწორედ ბაღების სიმცირეს ასახელებენ. დარწმუნებული ვარ, ამ ინვესტიციების შედეგად, რამდენიმე წლის შემდეგ, ამ პრობლემას ბოლომდე მოვაგვარებთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე იზრდება ბიუჯეტი სკოლების უკაბელო ინტერნეტით აღჭურვის მიზნით. ‘’აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა კიდევ უფრო მეტია და ჩვენ აუცილებლად გავზრდით დაფინანსებას ამ მიმართულებით, რათა საქართველოს ყველა სკოლაში იყოს უკაბელო და ხარისხიანი ინტერნეტი,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ზუგდიდის მეოთხე ბაღი უკვე მეორე წელია კერძო სახლში ფუნქციონირებს,მანამდე კი შენობა სადაც 170 აღსაზრდელი სწავლობდა ავარიული იყო და თანამედროვე სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.




