გახდება თუ არა ბონდის ხიდი ხობის მერიის თანამდებობის პირთა ბედისწერა?!

ხობის მუნიციპალიტეტმა სოფელ ქარიატაში მდებარე დაზიანებული ბონდის ხიდის რეაბილიტაცია სწორად ვერ განახორციელა. 2017 წლის იანვარში დასრულებული სამუშაოებიდან თითქმის ერთ წელში, ხიდი დაზიანდა. ეს დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დადო. დასკვნის ნაწილი კი გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა. ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2″ იუწყება.
სანამ პროკურატურა შესაბამის ზომებს მიიღებს და აღნიშნულთან დაკავშირებით მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ადგილობრივები ორად გაყოფილ სოფელში გადაადგილებას მხოლოდ ძველი ნავის საშუალებით ახერხებენ.
ერთადერთი ტრანსპორტით გადაადგილება დღეში ათობით ადამიანს უწევს. ადგილობრივები ასეთ პირობებში 3 თვეზე მეტია არიან. ე.წ ბონდის ხიდი, რომლის ერთი ნაწილიც უკვე აღარ არსებობს, ახლადრეაბილიტირებულია. სამუშაოებზე 219 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა ის ახლა დაზიანებულია.
აღსანიშნავია, რომ ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „სინათლე 2006” არ დააჯარიმა, რაც აუდიტის დასკვნაში ხაზგასმით აღნიშნულია. შპს „სინათლე 2006,“ რომელსაც ხიდის აღდგენისთვის ხობის მუნიციპალიტეტმა 219 ათასი ლარი გადაურიცხა, ხობის მერის გოჩა ქაჯაიას სიძეს, ლევან ჯანჯაღავას ეკუთვნის. ხიდის დაზიანებას სწორედ ამის გამო მერიაში არა უხარისხო სამუშაოებს, არამედ სტიქიას აბრალებენ.
ხობის მუნიციპალიტეტში პროექტების უხარისხოდ შესრულების გამო, სარჩელი უკვე მზად აქვს ოპოზიციასაც. საკრებულოს წევრის, ია ჯიშკარიანის განცხადებით, ის პროკურატურას აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მიმართავს.
გახდება თუ არა აუდიტის სამსახურის დასკვნა ხობის მერის, გოგი ქაჯაიას და სხვა მაღალი თანამდებობის პირთა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პროკურატურა აუდიტის მიერ გაგზავნილი დოკუმენტაციის შესწავლას შეუდგება.




