სენაკში საბჭოთა ოკუპაციის კვირეული გაიხსნა

ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, საბჭოთა ოკუპაციის კვირეულისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთათვის, გაიმართა დოკუმენტური ფილმების სტუდიის მიერ შექმნილი ფილმის ,,სატელეგრაფო ოკუპაციის“ ჩვენება, სადაც დეტალურადაა გადმოცემული ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წელს საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფოს ანექსია.
ფილმის ჩვენებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. კვირეულის ფარგლებში, 18-დან 22 თებერვლის ჩათვლით, საგანმანათლებლო ღონისძიებაში მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც ფილმის პრეზენტაციის შემდეგ საშუალება ჰქონდათ აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრება დაეფიქსირებინათ.
რადგან 25 თებერვალი არის საქართველოს ოკუპაციის დღე და ვინაიდან რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, საქართველოს პარლამენტმა 2010 წლის 21 ივლისს მიიღო დადგენილება „საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ“, რომლის ძალითაც ყოველი წლის 25 თებერვალი გამოცხადდა საბჭოთა ოკუპაციის დღედ. ყოველი წლის 25 თებერვალს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ეშვება სახელმწიფო დროშები და მთელი ერი, წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლას შეწირულ კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპულ იუნკრებს და ყველას, ვინც კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა.





