სააკაშვილი: დღეს საქართველოში ჩასასვლელად სიტუაცია მზად არ არის

ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერ ემიგრანტებს შეხვდა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას თქვა, ახლა საქართველოში არ არის მზად ის სიტუაცია, რომ დაბრუნდეს. ექსპრეზიდენტის თქმით, მან და მისმა მხარდამჭერებმა საქართველოში მის ჩასასვლელად “ეს სიტუაცია უნდა მოამზადონ”.
“დღეს არ არის სიტუაცია მზად, მაგრამ თუ დღეს სიტუაცია არ არის მზად, უახლოეს კვირეებში და თვეებში ჩვენ უნდა მოვამზადოთ. არ შეიძლება აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას, არ შეიძლება აქედან უყურო იმ ბავშვის მოკვლას, რომელიც შენ შობე და გაზარდე, ამიტომ ძალიან მარტივია ჩვენთვის არჩევანი”, – თქვა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი შეხვედრის დაწყებამდე მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა სიტყვით გამოსვლის დროს და თქვა, რომ მათ “ევროპის ცენტრში იაფფასიანი შოუ მოაწყვეს”.
“აქ ჩამოსულია სუს-ის ჯგუფი, რაც არის დარღვევა დიპლომატიური წესების, რადგან თვალთვალი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეიძლება სანქციის გარეშე და მით უმეტეს, უცხოეთში არის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა. იმედია, ბელგიის პოლიცია გაესაუბრება ტკბილად ამ ხალხს და მეორედ აღარ შემოუშვებს ბელგიაში”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
“იქით მხარეს არის ბოღმა. რით ვეღარ დაწყნარდა ეს ხალხი. 2012 წლამდე დაბოღმილები იყვნენ. არჩევნები მოიგეს, მოვიდა ჩემთან ივანიშვილი ისეთი დაბოღმილი იყო, რომ გეგონება იმ დღეს მოუკვდა ყველა ნათესავი. ვუთხარი “გაიღიმე ცოტა”. ვიფიქრე, შოკში იყო, არ მოელოდა. გავიხედე და ყველა მისი მომხრე ასეთი დაბოღმილია. ახლა გააყალბეს არჩევნები და კიდევ უფრო დაიბოღმნენ. იქით არის ბოღმა და აქეთ არის ინტელექტუალური ადამიანების განათებული და ნათელი სახეები; იქით არის მუდმივად წარსულზე აპელირება, თუმცა ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით; აქეთ არის მომავალი და საკუთარ ქვეყანაში უსაზღვრო რწმენა”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს ინციდენტიც მოხდა. დარბაზში თემურ შაშიაშვილი შევიდა, რომელიც სააკაშვილის მხარდამჭერებმა გააძევეს.
სააკაშვილთან შესახვედრად ლიეჟში ჩავიდნენ არა მხოლოდ მისი მხარდამჭერები, არამედ ისინიც, ვინც სააკაშვილის მმართველობის დროს რეპრესიის მსხვერპლნი იყვნენ.
ემიგრანტები ამბობენ, რომ დაპირისპირების დროს მათ წინააღმდეგ გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რის გამოც ემიგრანტთა ნაწილი ცუდად გახდა. მათ სასწრაფო დახმარების აღმოჩენა დასჭირდათ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: წარმოვიდგინოთ, რომ დღეს საქართველოში იყოს ომი. ჩვენი ლამაზი ქვეყანა გადაიქცევა პოლიგონად. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც მინდა ყველამ კარგად გაიაზროს

მიხეილ სააკაშვილი – გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ


