მშვიდობით “პრადო” – ზუგდიდის საკრებულომ მერიას ძვირადღირებული ავტომანქანების დაბალბიუჯეტიანით ჩანაცვლება მოსთხოვა

მერიის ბალანსზე არსებული ძვირადღირებული ავტომანქანების ჩანაცვლება დაბალბიუჯეტიანით უნდა მოხდეს – ამ რეკომენდაციით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიას მიმართა.
აღნიშნული საკითხის ინიცირება საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა, კონსტანტინე კაკავამ წარადგინა. კაკავა აღნიშნავს, რომ ჯიპის ტიპის ავბომობილების მოვლა-შენახვა წლის განმავლობაში საკმაოდ ძვირი ჯდება, ხოლო მათი ჩანაცვლება ეკონომიური “სედანებით” გარკვეულ თანხებს გამოანთავისუფლებს.
“ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს წევრებმა ადმინისტრაციული, ე.წ. “ბიუროკრატიული” ხარჯების შემცირების რეკომენდაციები გავეცით. ერთ-ერთი რეკომენდაცია არსებული ძვირადღირებული ავტოპარკის უფრო დაბალბიუჯეტიანი და ეკონომიური მანქანებით ჩანაცვლებაა, მაგალითად, ჰიბრიდული ან ელექტრომობილებით.
ეს იქნება პრინციპული გადაწყვეტილება. ჯიპის ტიპის ავბომობილების წლის განმოვლობაში მოვლა-შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება, ხოლო მათი ჩანაცვლება ეკონომიური სედანებით გამოანთავისუფლებს გარკვეულ თანხებს, რაც, თავისმხრივ, სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტებისთვის დამატებითი საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფის საშუალებას მოგვცემს.
ბიუჯეტი მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული იმ გამოწვევებსა თუ საჭიროებების მოგვარებაზე, რომელთა წინაშეც დგეას ჩვენი მუნიციპალიტეტი და მოქალაქეები” – განმარტა კონსტანტინე კაკავამ.




