ექსკლუზივი: ზუგდიდში გდი-ს ყოფილი უფროსი დაჭრეს
ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გარემოს დაცვის ინსპექციის ყოფილი უფროსი ბაკურ გულუა მოათავსეს. რეფერალური ჰოსპიტალის მედიკოსების თქმით, პაციენტს ორივე ქვედა კიდურზე ნაფლეთი შემავალი ჭრილობები აღენიშნება. როგორც STV-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ყოფილ მაღალჩინოსანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ზუგდიდის ცენტრში ესროლეს.
ექიმების განცხადებით პაციენტი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში კვლევის სტადიაშია.
შსს ზუგდიდში მომხდარ დაჭრის ფაქტს ადასტურებს.
“დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს”,-აცხადებენ უწყებაში.
ცნობისათვის, ბაკურ გულუა 2012 წლამდე სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის – თენგიზ გუნავას მოადგილე იყო, 2013 წელს ის სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში მუშაობდა, შემდეგ კი გარემოს დაცვის ინსპექციაში გადავიდა სამუშაოდ.



