ზუგდიდში სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დასრულებულია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ,,ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ პროექტის მენეჯერს თამარ კურტანიძესა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს საქართველოს რეგიონალურ მენეჯერს კატერინა სიმოვას შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი ზუგდიდში არსებულ სამედიცინო ცენტრს შეეხო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა“, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით დააფუძნა.
სამედიცინო ცენტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს.
სამედიცინო ცენტრი მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდება და სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ სკრინინგის 4-ვე მიმართულებას მოიცავს.
სამედიცინო ცენტრი, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის, ,,ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა“ და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.




