გიორგი გახარია – 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ კანაფის მოხმარება დასჯადი იქნება

კანაფის მოხმარებაში 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება,- ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გიორგი გახარიას განმარტებით, დასჯადი არ იქნება კანაფის მოხმარება მხოლოდ პირად სივრცეში.
„საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში ყველა სახის კანაფის მოხმარება იქნება დასჯადი, 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ კანაფის მოხმარება ყველა სახის სივრცეში ასევე დასჯადი იქნება. მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებების მართვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი ხდება. ასევე, 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა კანაფის მოხმარებაში სისხლის სამართლის წესით დაისჯება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიამ ასევე განაცხადა, რომ კანაფის კულტივაცია არ შექმნის რისკებს და მისი ეფექტური კონტროლი შესაძლებელია.
“ჩვენ ვამბობთ, რომ შსს-ს შეუძლია ეფექტურად განახორციელოს კონტროლი არა მხოლოდ მოხმარებაზე, არამედ კულტივაციაზეც. ის მოძრაობა, რომელიც დღეს არის ევროპაში, გვაძლევს საშუალებას მკაცრად დავარეგულიროთ და მკაცრი რეგულირების ფარგლებში სამედიცინო მიზნებისთის კულტივაციის საკითხი განვიხილოთ, რა თქმა უნდა პარლამენტთან ერთად. ჩვენ აქ ვხედავთ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში დავუბრუნდეთ რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც“, – განაცხადა მინისტრმა.
გახარიას თქმით, სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის კულტივაციის ლიცენზირებისთვის სპეციალური სააგენტო შეიქმნება.




