ფოთის მერმა კურსდამთავრებულებს სტუდენტობა მიულოცა

„ გილოცავთ სტუდენტობას , ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას! თქვენთან ერთად ვიზიარებთ ამ სიხარულს, რომელიც ახლის ძიებასა და შეცნობის მოლოდინს ამძაფრებს. თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება – ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, ცოდნისა და განვითარების ახალი პერსპექტივებით, მეტი უფლებებითა და ამავდროულად, პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და ქვეყნის წინაშე. წარმატებებს გისურვებთ ამ გზაზე ! მადლობა თქვენს პედაგოგებს და მშობლებს დაუღალავი შრომისა და საქმიანობისათვის. თქვენ ხართ ჩვენი ქალაქის და ქვეყნის საამაყო მომავალი! გვჯერა, ვიამაყებთ თქვენი პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობით „- გოჩა კურდღელიამ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სტუდენტობა მიულოცა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ, მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ ,საკრებულოს წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში 100% – იანი გრანტით ჩაირიცხნენ სტუდენტობა მიულოცეს.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში წელს 243 კურსდამთავრებული გახდა სტუდენტი. აქედან სახელმწიფო გრანტი 100%-იანი დაფინანსებით – 12 მოსწავლემ , 70%-იანი 18-მა , ხოლო 50%-იანი 41-მა ფოთელმა კურსდამთავრებულმა მოიპოვა.
შეხვედრას,რომელიც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი გოჩა ქორქია და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.




