ზუგდიდში დაკავებულმა გარემოვაჭრემ პოლიციის დაკითხვის ოთახში თვითმკვლელობა სცადა

ზუგდიდის ბაზართან დღეს დაკავებულმა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ დღეს ზუგდიდის პოლიციის დაკითხვის ოთახში თვითმკვლელობა სცადა. მარინა ფარულავას შვილის, ლექსო ნოდიას განცხადებით, მარინა ფარულავამ დაკითხვის ოთახში სუიციდი სცადა და სამართებლით, რომელიც ჩანთაში ჰქონდა, ვენების გადაჭრა სცადა. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს.
სამართალდამცველებმა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახეს. გაირკვა რომ გარემოვაჭრეს ერთი ზედაპირული ნაკაწრი აღენიშნება ხელის არეში და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ცნობისათვის, გარემოვაჭრე დღეს დაახლოებით 16: 00 საათისთვის დააკავეს. თვითმხილველ ნესტან გულათავას თქმით, პოლიციამ მარინა ფარულავას გარევაჭრობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც ის არ დაემორჩილა. ამ ყველაფერს სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა, რის შემდეგაც გარემოვაჭრე პოლიციის მანქანაში ჩასვეს და სამმართველოში გადაიყვანეს.



