სამეგრელოს გუბერნატორი 60 დღეში ახალი გუნდის დაკომპლექტებას გეგმავს

“გუნდი არის პროფესიონალების და თანამოაზრეების ერთიანობა და არა მამიდაშვილების, ბიძაშვილების და პარტიული თვალსაზრისით შერჩეული”-ასე ფიქრობს სამეგრელოს მოქმედი გუბერნატორი, რომელიც მუშაობას რამდენიმე დღის წინ შეუდგა. უფლებამოვალეობის შესრულების პირველ დღეს მან განაცხადა, რომ ახალ გუნდს პროფესიონალებისგან დააკომპლექტებდა და მხოლოდ ამ ნიშნით შეარჩევდა მომავალ ტანამშრომლებს, თუმცა დღემდე მხოლოდ რამდენიმე კადრი შეიცვალა და საკადრო გადაადგილებები განხორციელდა.
“ყველა ის საჯარო მოხელე, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებს საკუთარ უფლება მოვალეობას, იქნება ჩვენს გვერდით.
ჩემი მოსვლისას ბატონმა კოდუამ დაწერა განცხადება და დავაკმაყოფილე, აგრეთვე პრეს სამსახურის თანამშრომლებიც საკუთარი ნებით წავიდნენ. დანარჩენი თანამშრომლები, ვინც დღეს აქ იმყოფებიან, დაკვირვების პროცესში არიან. დებულების თანამხმად, მე მაქვს 60 დღე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ 60 დღეში უნდა მოხდეს დაკომპლექტება და გუბერნიის ადმინისტრაციის ერთიანი გუნდის შექმნა.
ჯერჯერობით ვსწავლობთ ჩვენ, იმიტომ რომ, სტრუქტურას, თანამშრომლებთან გასაუბრებას გავდივართ. მოკლედე ჩვენ ვართ დაკომპლექტების და შესწავლის პროცესში. პარალელურად კი რეგიონის მასშტაბით ვეძებთ კარგ და პროფესიონალ კადრებს. თქვენც გთხოვთ ამას, რომ თუკი ვინმე გეგულებათ, გაუწიოთ მათ რეკომენდაცია. მოგვაწოდოთ ამ ხალხის CV და მინდა შევქმნა რეზერვი, რომელსაც სამომავლოდ აუცილებლად გამოვიყენებ”-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.




