ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული – ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა
ფოთში, ნაბადის უბანში მოზარდებს ყუმბარა აუფეთქდათ. 44 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 3 დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ფოთისა და ზუგდიდის საავადმყოფოებში გადაიყვანა.
თუ რა მოწყომობილობის აფეთქებაზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა წინასწარი მონაცემებით საუბარია ე.წ “ლიმონკაზე” ან ამონალზე. შსს-ს განცხადებით ამას ექსპერტიზა გაარკვევს.
როგორც ფოთში თვითმხილველები STV-სთან ყვებიან, ღამის სამ საათზე იქვე უბანში ორი მამაკაცი სვამდა. იმ დროს , როცა ერთ-ერთს ასაფეთქებელი ნივთიერება აუფეთქდა , შემთხვევით დაშავდა 16 წლის მოზარდი, რომლის მდგომარეობაც ამ დროისთვის მძიმეა.
რაც შეეხება მეორე დაშავებულს, 35 წლის მამაკაცს, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.
“ფოთიდან კატასტროფის სამსახურის მიერ გადმოყვანილ იქნა მამაკაცი, პოლიტრავმით. ქალა-ტვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის შეშუპება. ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული ჰემატომა. საფეთქლის და შუბლის ძვლის მოტეხილობა. გულმკერდის დახურული ტრავმა, მარჯვნივ პნევმოთორაქსი…უგრძელდება კვლევები”-აცხადებს ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით. 236-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმეგო შეძენა-შენახვას და 124-ე მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.



